შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში სპორტის სპონსორობაზე უარის თქმა მოგვიწევს - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

14 დეკემბერი 2021, 17:07 882 ნახვა

ახალი რეგულაციების დამტკიცების შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში სპორტის განვითარებაში ათეული მილიონი ლარი ჩაიდო.

''აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქართულ სპორტში ჩაიდო რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებას. აღნიშნული სასპონსორო კამპანიების უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, ოპერატორების მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობა და ასევე ემსახურება კომპანიების იმიჯის ამაღლებას. ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრები ფინანსდებოდა ბიზნესის სტანდარტული საქმიანობით, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ საკანონმდებლო პირობებში - სხვა მარკეტინგული ან ფინანსური გამართლება აღნიშნულ სასპონსორო კამპანიებს არასოდეს ჰქონია.

გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონ-პროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე'' - წერია განცხადებაში. 

13 დეკემბერს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს. ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესისათვის გადასახადები 70%-მდე გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა.

ასაკობრივი ზღვარი კი 25 წლამდე გაიზრდება. მთავრობის გეგმით, ონლაინ თამაშებში მონაწილეობა დაახლოებით 1 მლნ ადამიანს აეკრძალება. 

კანონპროექტს კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილავენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი