2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომასშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა - ნინო ლომჯარია

10 დეკემბერი 2021, 12:43 1012 ნახვა

ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომასშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახალხო დამცველის განმარტებით, წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ, რაც სათანადოდ გამოძიებული არ არის.

„2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომასშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა. წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. 21 მარტს, ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელდა ყოფილი სამართალდამცავის აღიარებითი ინტერვიუ, რომელიც საუბრობდა პოლიტიკოსების, მათ შორის ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული უკანონო მიყურადების თაობაზე. მოგვიანებით ანა დოლიძემ დაადასტურა ყოფილი სამართალდამცავის მიერ ინტერვიუში მითითებული ფაქტობრივი მოცემულობის სიზუსტე. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ის შემაშფოთებელს უწოდებს იმ მტრულ გარემოს, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაშია შექმნილი.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, 2021 წელს კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა დაფიქსირდა.

„მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს და განსაკუთრებით 2021 წელს ჰქონდა ადგილი. 2021 წელს სახალხო დამცველმა კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება კვლავ უმნიშვნელოვანესს გამოწვევას წარმოადგენდა.

"კვლავ პრობლემად რჩება, საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, უკანონო დაკავებების და პატიმრობის მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პატიმართა ცემა და არასათანადო მოპყრობის საკითხები. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა.

კვლავ გამოწვევად რჩება სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების მდგომარეობა. პრობლემურია მათი ასეთი შენობებიდან განსახლების პროცედურები, აგრეთვე დაზუსტებასა და სრულყოფას საჭიროებს ასეთი შენობების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სახელმწიფოს პრობლემის მასშტაბის უკეთ გააზრებაში დაეხმარება“,-განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს საქმესთან დაკავშირებითაც.

სახალხო დამცველი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა.

რაც შეეხება 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას, აღნიშნული სახალხო დამცველმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა. 

მან კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაეფექტური იყო სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია.

მისივე შეფასებით, ხელისუფლების მიდგომებმა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა.

"კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთულობას იწვევს. სამწუხაროდ, არსებითად არ მცირდება გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობა და ერთ მილიონ მოსახლეზე, კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი