დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება - ივანე ჩხაიძე

08 დეკემბერი 2021, 13:05 1218 ნახვა

კორონავირუსის ახალ შტამს „ომიკრონს“ იოლი გავრცელებისა და გადადების უნარი გააჩნია - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

ივანე ჩხაიძის განმარტებით,  „ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში, ქვეყანაში რეინფიცირების რიცხვი გაიზრდება.

მისივე თქმით, ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა.

„ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით“,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, უცნობია, როდის შემოვა საქართველოში „ომიკრონის“ შტამი.

"ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს. იცით, რომ წინა კვირას გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და სავარაუდოდ, გრიპის შემთხევვებიც მოიმატებს და ესეც საფრთხეა. ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და მოსალოდნელია რესპირაციული ინფექციების მატება. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2 წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალურ საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა“,-განაცხადა ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში