დილიდან შრომის ინსპექტორები სხვადასხვა ობიექტზე აკონტროლებენ პროცესს და ხარვეზები არ ფიქსირდება - ბექა ფერაძე

01 დეკემბერი 2021, 13:34 1050 ნახვა

დღეიდან საქართველოში „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს კოვიდ-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით დილიდან პროცესი დადებითად მიმდინარეობს, ხარვეზები არ ფიქსირდა, კითხვების გაჩენის შემთხვევაში კი დაინტერესებული პირებისთვის ცხელი ხაზები მუშაობს.

„დილიდან შრომის ინსპექტორები სხვადასხვა ობიექტზე აკონტროლებენ ამ პროცესს. საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს და ხარვეზები არ ფიქსირდება. ძირითად შემთხვევებში ბიზნეს ობიექტები მზად შეხვდნენ ამ პროცესს. ამის მიუხედავად, პირველი დღეა და შესაძლოა გარკვეული კითხვები არსებობდეს, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს - ცხელი ხაზები (1505, 1522, 144) მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით და მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას, რომელიც მათთვის საინტერესოა“, - განაცხადა ფერაძემ.

 

ბექა ფერაძის განცხადებით, დღეს თუ ობიექტში რადიკალურად არ იქნება მწვანე კონცეფციის ამოქმედების გამო დადგენილი რეგულაციები დარღვეული, შრომის ინსპექცია სანქციას არ გამოიყენებს. თუმცა, თუ ობიექტი გრძელვადიან პერიოდში არ დანერგავს ამ კონცეფციას, სანქცია გარდაუვალი იქნება.

" რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, აქ სიახლე არაფერია. ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარია სანქცია და იურიდიული პირი მიმართ 10 ათასი ლარი. პირველი დღის სანქცირებას რაც შეეხება, ცხადია, რომ თუ რადიკალურად არ იქნება დარღვეული ის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, ჩვენ არ გამოვიყენებთ სანქცირების მექანიზმს, არამედ მეტად ვიქნებით ორიენტირებული, რომ რეკომენდაციები მივცეთ, ვასწავლოთ როგორ უნდა დაინერგოს სისტემა, მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ რომ ობიექტი არ ითვალისწინებს, არ ნერგავს ამ კონფეფციას, მოგვიწევს გარკვეული სანქციების გატარება"- განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

მისივე განმარტებით, მწვანე სერტიფიკატი მიენიჭება ობიექტს, რომელზეც დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა იქნება აცრილი.

ფერაძის თქმით, ეს პროცენტობა კიდევ დაზუსტდება, თუმცა დღეს დაახლოებით 80%-ზეა საუბარი.

„ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოთხოვნები არა მხოლოდ ვიზიტორის მიმართ არსებობდეს, არამედ თავად ვიზიტორსაც შეეძლოს უსაფრთხო და მწვანე ობიექტის არჩევა. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ, რომ ობიექტი არ ნერგავს ამ მექანიზმს, მოგვიწევს სანქციების გატარება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არაა სადამსჯელო მექანიზმი. მწვანე პასპორტებისა და ზონების კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ეს სასარგებლოა ბიზნესისთვის, რამეთუ მთავრობას არ მოუწევს შეზღუდვების დაწესებაზე ფიქრი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომპანიებისა და მოქალაქეების ჩართულობა ამ პროცესში. მწვანე სტატუსს ობიექტებს ჯანდაცვის სამინისტრო მიანიჭებს. მარტივი რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ მივანიჭებთ ობიექტს მწვანე სერტიფიკატს. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ალბათ მომდევნო კვირაში გავმართავთ პრეზენტაციას“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი