ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
მისივე განმარტებით, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ერთგულები არიან.
"ასოცირებული ტრიოს ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს ვაჯამებთ. ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები ვიმყოფებით და ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ჩვენ გავიაზრეთ ყველა ის ქმედება, რაც უკვე განხორციელდა და ის ინიციატივები, რაც ჩვენს ქვეყნებში გვქონდა დანერგილი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ერთგულები ვართ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უფრო დავახლოვდით, და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა და დიალოგი უფრო გაღრმავდა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ გარკვეულ ეტაპებზე გარკვეული ჩამორჩენები გვქონდა, მაგრამ ეხლა ჩამორჩენების დრო აღარ არის. ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ",- განაცხადა ნატალია გავრილიცამ.