ანასტასია შატალოვას დედა და ადვოკატი მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დადგენას ითხოვენ 

30 ნოემბერი 2021, 11:43 1611 ნახვა

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, ანასტასია შატალოვას დედამ და ადვოკატმა დღეს, ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მკვლელობის დამკვეთის გამოსავლენად გამოძიება ტენდენციურად და ინერტულად მუშაობს. 

პაატა შავაძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეულ პირებს არ სურთ რეალურად დამკვეთის ვინაობა დადგინდეს. 

უფლებადამცველის განცხადებით, მხოლოდ შემსრულებლის პასუხისგებაში მიცემა არ არის საკმარისი. 

''უკმაყოფილო ვართ გამოძიების იმ მიმართულებით, რომელიც დამკვეთს ეხება. საქმე მართალია გამოიყო დამკვეთთან მიმართებით, თუმცა ძვრა არ არის. რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა წარადგინა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საეჭვო ავტომანქანებს, ეს არის ის მანქანები, ნომრების მითითებით, რომელიც ანასტასია შატალოვას დასდევდა და უთვალთვალებდა. ამ მიმართულებით გამოძიება დიდ დაინტერესებას არ გამოთქვამს, რაც გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ ვიღაც შესაძლოა დაინტერესებული არის დამკვეთის ვინაობა არ დადგინდეს. რაც ძალიან ცუდია. 

ჩვენს ინტერესში არ შედის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებლის პასუხისგებაში მიცემა. მთავარია დავადგინოთ ვინ დაუკვეთა ეს საშინელი მკვლელობა, ვის სჭირდებოდა?'' - ამბობს უფლებადამცველი. 

მისივე თქმით, გამოძიებას მიაწოდა სისხლის სამართლის საქმის ის მასალები, რომელიც ანასტასია შატალოვაზე ზურაბ ბერიძის მხრიდან, შესაძლო, ძალადობის ფაქტებს ეხებოდა. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმოება დაწყებულია.

''ვერც ამ კუთხით დავინახეთ დაინტერესება და ეს ბადებს ეჭვებს რომ ტენდენციურად მიმდინარეობს გამოძიება და არის ინტერესი რომ არ დადგინდეს ჭეშმარიტება'' - განაცხადა პაატა შავაძემ. 

მოკლული ანასტასია შატალოვას დედა იხსენებს, რომ მისი შვილი მას ხშირად ეუბნებოდა, რომ უთვალთვალებდნენ. სვეტლანა შატალოვას განცხადებით, მას ასევე ბავშვის საკითხის მოგვარება სურდა, რადგან შიში ჰქონდა, რომ ზურაბ ბერიძე შვილს წაართმევდა.

გარდაცვლილის დედის განმარტებით, გამომძიებლება მას უთხრეს, რომ საქმეზე დაკავებული ჰყავთ 3 პირი, ისინი ბრალს არ აღიარებენ, თუმცა მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს.

"მე არ ვიცი რატომ მოკლეს ჩემი შვილი. როცა ვურეკავდი ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და ზურაბთან შვილის საკითხი უნდა მოეგვარებინა, რომ ბავშვი არ წაერთმია. ის ასევე მეუბნებოდა, რომ მას უთვალთვალებდნენ. როცა საქართველოში ყოფნისას სადარბაზოდან გამოვდიოდით ის უკან იხედებოდა და მეუბნებოდა რომ მას უთვალთვალებდნენ. ზურაბ ბერიძის გარდა ვის შეეძლო მისთვის ეთვალთვალა არ ვიცი. რაც მე ვიცი მას მტერი არ ყოლია. ამ შემთხვევამდე ორი კვირით ადრე ვიყავი მე მასთან და თითქოს ყველაფერი კარგად იყო.

ზურაბ ბერიძის მიმართ ძალიან ბევრი ფაქტია ჩვენი აზრით. ამ ეტაპზეც მან მიმიღო ის რაც სურდა, ბავშვი მას ყავს. ის ძალიან ბევრ ძალას და ფულს ხარჯავდა, რომ ბავშვი მას დარჩენოდა. მან ახლა ეს პრობლემა მოიგვარა. ჩემს შვილს სახლში დაბრუნება უნდოდა და ასე რომ მოხდარიყო სავარაუდოდ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ის ცოცხალი იქნებოდა, ბავშვი კი მასთან. ვერასოდეს სხვა ადამიანი დედას ვერ ჩაანაცვლებს. პოლიციაში ვიყავი, მითხრეს, რომ გამოძიება გრძელდება. მითხრეს, რომ ჰყავთ სამი დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ, თუმცა მათ წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება აქვთ.  დიდი ალბათობით მას 2 თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ის ადრე სხვა მისამართზე ცხოვრობდა, იმ კორპუსში უსაფრთხოების ნორმები მეტად დაცული იყო, ამიტომ ვფიქრობ იქ ამას ვერ გაბედავდნენ. როცა ბინა შეიცვლაა, დაახლოებით 2 კვირაში მე და დედაჩემი მასთან ჩამოვედით, მაშინაც არაფერი მომხდარა ვფიქრობ იმიტომ, რომ ზურაბმა იცოდა ჩვენი იქ ყოფნის შესახებ.

უთვალთალებდნენ ძიძასაც როცა ის ბათუმიდან თბილისში მიდიოდა. ეს ინფორმაციები მათ აქვთ, თუმცა კონკრეტულად რომელიმე ეჭვმიტანილის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არ მეუბნებიან. მე ახლა ველოდები პაატას თბილისში ჩამოსვლას, რომ გამოძიებისგან მეტი ინფორმაცია მივიღოთ. ჩემი შვილი არსად არ მუშაობდა. ის ბავშვს უვლიდა, ჩვენ მათ ვეხმარებოდით. მას სამშობლოში დაბრუნება უნდოდა"- აცხადებს ანასტასია შატალოვას დედა.

27 წლის ქალი 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში