მიზეზი თუ რატომ ვარ აქ, არის ის, რომ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე - განცხადება მიხეილ სააკაშვილმა თბილისის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სასამართლო დარბაზიდან მან ქართველ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებისას, მან კარგად იცოდა, რომ შეიძლებოდა გზაში მოეკლათ და დილეგში ჩაესვათ.
"მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ
მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელშიც შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და პროკურორები. ეს ჯგუფი რეფორმების პაკეტს ამზადებს. ჩემი მომზადებული რამდენიმე კანონი მიიღო რადამ. მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, მინუმუმ ორჯერ მაქვს ნათქვამი უარი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს არ ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობდი ლექციებს და ამაში მიხდიდნენ ფულს. ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი რომ, ჯერ ერთი - შეიძლება გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს ზვიად გამსახურდიას უქნეს, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი არის მინიმალური.
მე მინდა განვმარტო თუ რატომ ვარ ამ დარბაზში და საქარველოში.
მიზეზი თუ რატომ ვარ აქ, არის ის, რომ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დაბრუნებისკენ მას ნათესავების გარდა ემიგრანტი ქართველებიც მოუწოდებდნენ.
„ჩამოვედი იმიტომ, რომ ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. გამიგია ათასობით ჩვენი თანამემამულისგან, რომელიც მხვდებოდნენ სხვადასხვა აეროპორტებში, ასევე ვხვდებოდი ემიგრანტების შეკრებებზე, ევროპასა და ამერიკაში. საქართველოში რომ უნდა დავრუნებულიყავი ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ - „ან ახლა არ ან არასდროს! ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას!“ ეს მითხრა სანდრამაც, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც ორი ძალიან კარგი შვილი გავზარდე. სანდრას ნამუშევარი კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის, ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული პატიმრების ჯანდაცვის კუთხით. 800 დოლარი რომ გვქონდა ხელფასი 90-იან წლებში, გია ბარამიძეს კარგად ახსოვს, 400 ქველმოქმედებაზე იხარჯებოდა.
სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს უკრაინულ ენაზე მიმართა.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ ენაზე გამოსვლა გააპროტესტა საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა. მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საუბარი არ ესმით და ადვოკატს განმარტება მოსთხოვა.