საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
''აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ'' – წერია განცხადებაში.
საპატრიარქროს განცხადებით, ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას.
''მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია.
კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს'' - წერია განცხადებაში.