რესტორნებში ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტის ერთდროულად განთავსებაზე შეზღუდვა ჯერჯერობით ძალაში რჩება - ნათია თურნავა

24 ნოემბერი 2021, 14:38 935 ნახვა

ნათია თურნავას განცხადებით, „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებით მთავარი მიზანია, რომ სარესტორნო ინდუსტრიაში მათი გადამოწმება მარტივად მოხდეს. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროების მხრიდან სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად.

მისივე განცხადებით, რესტორნებში ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტის ერთდროულად განთავსებაზე შეზღუდვა ჯერჯერობით ძალაში რჩება.

„შეხვედრის დროს დაისვა არა მარტო ის საკითხი, რომ მოვხსნათ საათობრივი შეზღუდვები, არამედ მოვხსნათ სხვა შეზღუდვებიც, მაგალითად, ერთ მაგიდასთან 6 ადამიანის ერთდროულად განთავსების თაობაზე. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს ნაწილი დავტოვეთ უცვლელად, შევხედოთ ჩვენ ყველამ ერთად, როგორ იმუშავებს და რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ეს "მწვანე პასპორტის" რეგულაცია, ხომ არ იქნება მასშტაბური დარღვევები.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ  გაგებით მოეკიდება ამას სარესტორნე ინდუსტრია, გახდება ჩვენი მოკავშირე ამ ახალი რეფორმის დანერგვის და შესრულების პროცესში, იმიტომ, რომ ეს არის როგორც საზოგადოების ინტერესში, ასევე ამ ინდუსტრიის ინტერესშიც, რომ უფრო მეტად მწვანე და უსაფრთხო იყოს. ამის შემდეგ, შეიძლება უკვე, სხვა შეზღუდვებზეც ვიფიქროთ, ახალი წელი მოდის, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც იქნება გასათვალისწინებელი, მაგრამ მანამდე, მე ვფიქრობ, საკმარისია ის ლიბერალიზაცია, რაც ჩვენ გვინდა, რომ პირველი დეკემბრიდან დავუშვათ საათებთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ როგორ შესრულდება „მწვანე პასპორტთან" დაკავშირებული რეგულაცია,“- განაცხადა თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში