დავასაბუთეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა თუ მათი გაკეთება ადგილზე შეუძლებელი აღმოჩნდება, პაციენტი სხვაგან იქნება გადაყვანილი - დავით სერგეენკო

19 ნოემბერი 2021, 12:20 967 ნახვა

მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით,​ დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მათ მიერ რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, პაციენტი გადაყვანილი იქნება იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.

„პირადი რეკომენდაცია უკვე გავახმოვანე  პირად ექიმთან და ამ დაწესებულების ექიმებთან, რომელიც პრინციპში სრულდება კიდეც. ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში, იყო რამდენიმე სპეციალისტი, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედო გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებული იქნება. ეს არის სამედიცინო ლოგიკა. მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა. აქედან ორი ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნევროლოგის კონსულტაცია იყო უკვე, გასტროენტეროლოგი ღამე ჩატარდებოდა. ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ადგილზე გაკეთდება, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება პაციენტი იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ კომენტარი გააკეთა პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, ვიდრე არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში.

„ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ გავიგე და მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯანმრთელობა. ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს.''-განაცხადა  სერგეენკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში