მიგვაჩნია, რომ მე-18 დაწესებულება არ არის მზად, კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს სათანადო მკურნალობა გაეწიოს - გიორგი გრიგოლია

17 ნოემბერი 2021, 23:15 663 ნახვა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრის გიორგი გრიგოლიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან ის 48 დღეა შიმშილობს.

მისივე თქმით, რეანიმაციული განყოფილება აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ მაინც მიაჩნიათ, რომ მე-18 დაწესებულება არ არის მზად, ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჩვენ შევაფასეთ, როგორც კრიტიკული, რადგან 48 დღეა, შიმშილობს. მას აქვს უკვე ენცეფალოპათიის ნიშნები, კალიუმის ნაკლებობა, ჰემოგლობინის დაბალი ციფრები, რაც კომბინაციაში თალასემიასთან გვაძლევს სახიფათო გართულების შესაძლებლობას. აგრეთვე თავად აღნიშნავს გასტროდიოდენალური სისხლდენის ნიშნებს.  ყველაფერი ეს ჯდება იმ სტატუსში, რომელსაც ჰქვია კრიტიკული მდგომარეობა. რაც შეეხება დაწესებულების აღჭურვილობას, დაწესებულება სრულად აღჭურვილი არ არის, ორი კვირის წინ გახსნილია სპეციალური რეანიმაციული ოთახი, რომელიც არის საკმაოდ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, გადმოყვანილია მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან. ანუ, ყოველ დღე დაწესებულებაში მორიგეობს ერთი ექიმი, ზოგადი პროფილის, ან თერაპევტი, ან ქირურგი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექთანი რეანიმაციის განყოფილებაში. ანუ, სულ გადმოყვანილი არის ხუთი რეანიმატოლოგი ერთი დღის და ოთხი ღამის. აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დაწესებულება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ გადაიყვანენ მულტიპროფილურ კლინიკაში, ის შიმშილს შეწყვეტს.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითონ სუბიექტურად გრძნობს დისკომფორტს ამ დაწესებულებაში, როგორც მოგვახსენა, გაცილებით უფრო უკეთესად გრძნობდა თავს პირველ დაწესებულებაში. ესეც არ უწყობს ხელს ადეკვატურ მკურნალობას. განგვიცხადა ასევე, რომ თუ გადაიყვანენ მულტიპროფილურ დაწესებულებაში, კლინიკაში, ის შეწყვეტს შიმშილს“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში