კატეგორიულად მიუღებელია მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება - ინსპექტორის სამსახური

11 ნოემბერი 2021, 15:13 2149 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება და  განცხადებას ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს  იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება.

''მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ მაღალი საჯარო ინტერესის პარალელურად, მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის პატივი და ღირსება. ამასთან, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნულ ფაქტზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი