მიხეილ სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და მისი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ N18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
"მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულს საკუთარი ნებით დათანხმდა. ჩვენ #12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ #18 დაწესებულებაში არაა, თუმცა, ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ის გლდანის ციხის ტერიტორიაზე შემოიყვანეს, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. უარი განაცხადა, რომ ექიმს დაზიანებებთან დაკავშირებით გაესინჯა. ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა სხეულზე დაზიანებები. ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები, რაც შემეძლო დამენახა. დაზიანებებზე არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, თუმცა, სჯობს ექიმმა დაათვალიეროს. მისი განცხადებით, იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა ექიმებს, ეს დაადასტურეს ექიმებმაც,“- განაცხადა ლომჯარიამ.