მოსახლეობის უმრავლესობა რვაჯერ რომ გეტყვის უარს არჩევნების გზით და დაგამარცხებს მმართველი ძალა, აქედან რაღაც დასკვნა უნდა გამოიტანო გონიერმა და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პროვოკაციას, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იქნება მომზადებული, შესაბამისი პასუხი გაეცემა.
„რაც შეეხება მათ დესტრუქციულ გეგმებს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარ სააკაშვილის გეგმები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენ მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული თითოეული მისი გეგმა და მოწოდება, რომელიც მისგან მომდინარეობს. ჩვენ ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია გვაქვს.
ჩვენი სახელმწიფო და მთავრობა ამ არჩევნებით კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ყველა ადამიანს და ჯგუფს აქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება მშვიდობიანი ფორმით. თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. ჩვენი არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. ოპოზიციის მხრიდან რაიმე ტიპის დესტრუქცია და პროვოკაცია იქნება აღკვეთილი და ყველა იქნება სამაგალითოდ დასჯილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.