გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე - ამ ლოზუნგით ბათუმში, ერას მოედანზე ექიმების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა.
მედიკოსები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. აღნიშნავენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მთავარია და მის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს.
"მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ქვეყნის ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პარლამენტს - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეების გაცნობიერებით დაუყოვნებლივ განხორციელდეს მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის უფლება.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული მოწოდება/თხოვნა – სრულიად აპოლიტიკურია, არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არ არღვევს არც ერთ საკანონმდებლო ნორმას და მისი არშესრულების შემთხვევაში კი პირიქით, საფრთხე ექმნება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჩვენ ყველა ამ დანაშაულის თანამონაწილე გავხდებით", - აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.
მედიკოსებმა ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.