შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 62-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა მიაყენა.
გამოძიება კი 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
''ისნის 62-ე საარჩევნო უბანში, სადაც შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი - ნიკანორ მელია მხარდამჭერებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები.
საარჩევნო უბანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.