გონიოში, საარჩევნო უბანთან ფორმულას გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებულ კადრებში ისმის გინება. ჩანს, როგორ მოქაჩა თმა ჟურნალისტს მამაკაცმა.
ჟურნალისტები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებთან კითხვების დასმას ცდილობდნენ, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. ქვები დაუშინეს გადამღები ჯგუფების ავტომობილებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, იქვე იმყოფებოდა ''ქართული ოცნების'' მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა კაკაბაძე, რომელიც თავადაც ჩაერთო ჩხუბში.
გონიოში ფორმულას გადამღები ჯგუფი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მოქალაქეებმა შეატყობინეს, რომ საარჩევნო უბანთან ე.წ. ძველი ბიჭები დისტანციის დაცვის გარეშე იდგნენ და პერიმეტრს აკონტროლებდნენ.