მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის სქემა რომ არ გაშიფრულიყო, დღეს საქართველოში შეიძლება, უფრო დაძაბული პროცესები მიგვეღო - გრიგოლ ლილუაშვილი

30 ოქტომბერი 2021, 18:09 852 ნახვა

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გუშინ გამოქვეყნებული ჩანაწერის ფიგურანტმა პირებმა არ უარყვეს მისი ავთენტურობა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უახლოესი საათების განმავლობაში ისინი გამოიკითხებიან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქმე დაწყებულია სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ეს არის უბრალოდ საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც აბსოლუტურად კანონიერი გზით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისთვის, რამაც თავისთავად შეასრულა საპრევენციო ხასიათის როლი. ჩვენ ამით მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა ნებსით ან უნებლიეთ მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, მივეცით ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას და ა.შ. მათ შორის არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრასაც. თქვენ ალბათ, ყველამ ნახეთ ეს ჩანაწერები. სხვათა შორის სხვადასხვა ინტერპრეტაციები მისცეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პირებმა ამ ჩანაწერებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თვითონ ამ ჩანაწერის ფიგურანტმა პირებმა არ უარყვეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა. ჩვენ ველოდებით მათ დაკითხვებს. მათ უარი განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გამოცხადებაზე, მათ აქვთ ამის კანონიერი უფლება, თუმცა უახლოესი საათების განმავლობაში ისინი გამოიკითხებიან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

ბუნებრივია. ჩვენ ველოდებით, რომ გამოძიების პროცესში დაკითხვების, ჩხრეკის შედეგად, ამოღებული ნივთმტკიცებების საფუძველზე გვექნება უფრო მეტი არგუმენტი იმისა, რომ ვამტკიცოთ, თუ რომელი პირი შეიძლება, გამოიკვეთოს აღნიშნულ საქმეში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ახალი სახელი და გვარები გამოიკვეთოს.

„ეს ეპიზოდიც, სავარაუდოდ, შევა დიდ სქემაში, რასაც ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა ჰქვია. წინ აუცილებლად გვექნება საინტერესო ფაქტები, გველოდება საინტერესო პროცესები და ამას გაიგებთ იმის შესაბამისად, რა ინტენსივობითაც გაგრძელდება გამოძიება და რა ინტენსივობითაც მოხერხდება ამ საქმეებში გამავალი პირების გამოკითხვა“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. როგორც სუს-ში გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში