დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები და ახლადარჩეული მერები ესწრებოდნენ.
სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განცხადება გააკეთა ,,ტვ პირველთან'' წარმოებულ დავასთან დაკავშირებით, სადაც მისივე განცხადებით, ადგილი ჰქონდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძეს ცილისწამებას.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქარტიამ უკვე დაადგინა ,,ტვ პირველის'' დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში.
„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე. თქვენ იცით, რომ მთელი რიგი ტელევიზიებისა აგრძელებს, როგორც სიცრუის ტირაჟირებას, ასევე, სიცრუის გავრცელებას და იცით, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენი მთავრობის წევრს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს მოუგონეს გაუგონარი ჭორი, რომელიც ეხებოდა ქრთამის აღებას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორც ეთიკის ქარტიაში, ასევე სასამართლოში მომხდარიყო შესაბამისი დავის წარმოება. ქარტიამ უკვე დაადგინა ,,ტვ პირველის'', უკაცრავად „პირველების“ ყველაფრის კადრებაში დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას და ბრძოლას მსგავსი დეზინფორმაციების წინააღმდეგ. მისხალ-მისხალ ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების მიმართ, ყველა მსგავს ცილისწამებასა და დისკრედიტაციაზე“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.