26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავედ არსებული შენობები დანგრევის პირასაა და შესაძლოა გვერდით მდებარე კორპუსებიც დააზიანოს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის მიხედვით, ძლიერი დაზიანების გამო არსებული შენობა მთლიანად დასანგრევია.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის განცხადებით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება და დემონტაჟი სწრაფად უნდა განხორციელდეს.
დემონტაჟისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროცესს კი დაახლოებით 5 თვე დასჭირდება. მერია ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს. შესაბამისი განაცხადით სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
''ჩვენ მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნახსენებია, რომ დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. შესაბამისად უკვე განვახორციელეთ დემონტაჟის პროექტის შესყიდვა და გადაუდებელი აუცილებლობით მიმდინარეობს პროცედურები. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია. აღნიშნულია დასკვნაში, რომ სწრაფად უნდა მოხდეს დემონტაჟი. მიმდებარე კორპუსები არ მოიაზრება, იმ შენობებზე გვაქვს სამხარაულის დასკვნა, რომ ჩასატარებელია მხოლოდ გამაგრებითი სამუშაოები'' - განაცხადა ალექსანდრე მჟავანაძემ.
დანგრეული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 მრავალსართულიანი კორპუსი მდებარეობს. 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ 50-მდე ოჯახი დროებით ალტერნატიულ ფართებში გაიყვანეს. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსის პირველი სადარბაზო ავარიულია, თუმცა გამაგრებას ექვემდებარება.
ექსპერტიზის დასკვნით, სახლის სხვა ნაწილებზე ნგრევას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
8 ოქტომბრის ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი იყო. ერთი კაცი კი გადარჩა.