ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის 

22 ოქტომბერი 2021, 17:44 1161 ნახვა

ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი, ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის. ამის შესახებ ადვოკატი აცხადებს. გადაწყვეტილება მეურვეობის მულტიფუნქციურმა საბჭომ მიიღო. 

აღნიშნულ საკითხზე შატალოვასა და ზურაბ ბერიძეს დავა წარსულშიც ქონდათ, მაშინ ბავშვი დედის მეურვეობის  ქვეშ დარჩა. 

პაატა შავაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება წარმოუდგენელია, რადგან ბერიძესთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი დავა არსებობს. მას გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერიც. უფლებადამცველის თქმით, მეურვეობის საბჭოს საკითხი დაჩქარებული წესით არ უნდა განეხილა. 

''არაერთხელ განვმარტე, რომ ძალიან ბევრი რისკ-ფაქტორი არსებობს, რის გამოც გამორიცხული უნდა ყოფილიყო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. პირველი: ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ბავშვის მიმართ, რომელიც ძალადობას და მუქარას უკავშირდება. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს დამცავი ორდერის გაცემის საკითხს, სადაც განმცხადებლები არიან - ანასტასია შატალოვა და მისი შვილი. 

უამრავი შემაკავებელი ორდერი არის გამოცემული და ისმის კითხვა რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად, ასეთი კითხვითი ნიშნების ფონზე ასე მალულად და ცინიკურად მიეღო ეს გადაწყვეტილება. ეთიკის ნორმები მაინც დაეცვათ და ეცნობებიათ. მე ასე შევაფასებ - ეს არის უზნეობა და ამ გადაწყვეტილებას სამართალთან კავშირი არ აქვს'' - განაცხადა პაატა შავაძემ.  

ანასტასია შატალოვას მამა საქართველოშია. ოჯახის სურვილია ბავშვი რუსეთში წაიყვანონ, რადგან იქ ცხოვრობენ. 

მულტიფუნქციური საბჭოს დასაბუთების ნაწილი არც ერთ მხარეს არ ჩაბარებია, ამიტომ სხვა დეტალებზე ვერ საუბრობენ. 

ახალგაზრდა ქალი თბილისში მოკლეს. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ზურაბ ბერიძის სახლშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა, პროკურატურამ კი მათ ბრალდება წარუდგინა. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. 

 

 

 

 

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში