მსახიობი და რეჟისორი ალეკ ბოლდუინი, რომლის მიერ გადასაღებ მოედანზე განხორციელებული გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა, გამომძიებლებმა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, - ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
ირკვევა, რომ დაკითხვაზე ბოლდუინი ნებაყოფლობით მივიდა.უბედური შემთხვევის მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა იარაღიდან, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის, გადასაღებ მოედანზე მოხდა.