26 მაისის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ არა ერთი ზარი შემოდის სხვადასხვა მისამართიდან. ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. გორგასლის 149 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბზარები ყოველდღიურად მატულობს, კედლებს შორის დაშორებამ 6 სანტიმეტრს მიაღწია. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ 2007 წელს აშენებულმა მრავალსართულიანმა სახლმა დაშლა, ორი წლის წინ ქალაქის ტერიტორიაზე მიწისძვრის დაფიქსირების შემდეგ დაიწყო.
ოჯახები ამბობენ , რომ დაბზარული კედლები და იატაკი უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმაც და დაასკვნეს, რომ სახლი მყარია და აქ ცხოვრება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა დასკვნების შემდეგ ნაპრალების რაოდენობამ მოიმატა და ახლა განმეორებითი შესწავლაა საჭირო. ჩვენ ვცდილობთ სახლის მშენებელთან დაკავშირებას, თუმცა კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს ჯერ ჯერობით არ პასუხობენ.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მერიის შესაბამისი სამსახურებისგანაც ველოდებით და მათ პოზიციას შემდგომ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, ტურისტული ქალაქის ტერიტორიაზე ავარიული სახლების შესასწავლად თვითმმართველობამ სამხარაულის ექსპერტები 2019 წელს დაიქირავა, სპეციალისტებმა მაშინ 34 შენობა-ნაგებობა შეისწავლა, დასკვნების მიხედვით 20-მდე სახლი გამაგრებას აღარ ექვემდებარება.