დავინახე რომ პირველი სართულის კედელი იყო დაბზარული, მას მოჰყვა მინების მსხვრევის ხმაც და ზედა სართულებიც წამოვიდა - თვითმხილველი

08 ოქტომბერი 2021, 20:08 46859 ნახვა

"ტროტუარზე კენჭები ცვიოდა გადმოვედი ავტომობილიდან და დავინახე პირველი სართულის კედელი იყო დაბზარული, რამდენიმე წუთში ბათქაშიც ჩამოვარდა, მას მინების მსხვრევის ხმაც მოჰყვა. შრიალის ხმა რომ გავიგონე, ზემოთ ავიხედე და დავინახე, რომ ზედა სართულები უკვე მოდიოდა და გამოვიქეცი"- იხსენებს მურმან ქარცივაძე, რომელიც შემთხვევის დროს, ავტომობილით სწორედ იმ კორპუსის წინ იმყოფებოდა, რომელიც ბათუმში დილით ჩამოინგრა.

68 წლის კაცი აღნიშნულ ტერიტორიაზე ტაქსზე მუშაობს. ამბობს, რომ არანაირი აფეთქების ხმა არ გაუგია, თავს კი გაქცევით უშველა.

ვარაუდობს, რომ ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

"ისეთი ხმა იყო, თითქოს ძეგლი გატყდა და რაღაც ჩავარდა. აღნიშნული ბინა იყო გაყიდული. არ ვიცი რა კეთდებოდა, სავარაუდოდ მაღაზია ან სალონი. დღეს, დილით ბინასთან ხალხი იყო, რაღაცეებს უყურებდნენ, შემდეგ მოხდა ეს რაც მოხდა. მე როგორც ვიცი, 3 დღის წინ ბინა ავეჯისგან დაცალეს, სარემონტო სამუშაოები კი დღეს დაიწყო"- ამბობს აჭარის მაუწყებელთან მურმან ქარცივაძე.

მურმან ქარცივაძის ავტომობილი ნანგრევებში მოჰყვა, მის ავტომობილთან ერთად იქვე მდებარე 4 მანქანაც დაზიანდა. ერთ-ერთში როგორც თავად ამბობს ის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში