ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსმა ირაკლი ბასილაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულთა რაოდენობაზე ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.
"ჩამონგრეულია სადარაბაზოს ერთი ნაწილი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-საძიებო ღონისძიებები, რომელშიც ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური ასევე პოლიციის თანამშრომლები.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზეა კრიმინალისტები. მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ავტოკიბე, რომლის დახმარებითაც ხდება მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია.
დაშავებულთა რაოდენობაზე ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.
მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს დაიცვან უსაფრთხოების ზომები და დაიცვან პოლიციელების მოთხოვნა"-აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.