მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს - მიქაელ ბოტკოველი

07 ოქტომბერი 2021, 16:44 1034 ნახვა

პატრიარქის მდივნის, განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის, ილია მეორის თხოვნის მიუხედავად შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ  მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისი სამკერდე ჯვრის დაბრუნებას ითხოვს.

„ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ პატივს სცემს და მოვიკითხო. რაც შეეხება საკითხს შიმშილობასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მის შეცვლას არ აპირებს. მე არ ვყოფილვარ მის საკანში, შევხვდით ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც არის მიღებების საშუალება.

მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ დაუბრუნონ. სხვა არაფერი უთქვამს. მე არ შემიმჩნევია მისთვის სისუსტე, ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მშვიდად და წყნარად ვისაუბრეთ. სახარება მოვიტანე მოოქროვილი და ასეთი ამანათის შეგზავნა პროტოკოლიდან გამომდინარე არ შეიძლება, გვითხრეს, რომ თუ იქნება ჩვეულებრივი ყდით, არანაირი პრობლემა არ იქნება. ჩვენ, როგორც წესი, პატიმრებს, რომლებსაც აქვთ ასეთი მოთხოვნები შიმშილობასთან დაკავშირებით, ყოველთვის მივდივართ და ვთხოვთ რომ შეწყვიტოს შიმშილობა. პატრიარქმა შეარჩია თავად ეს სახარება. სხვათა შორის სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი მოვუტანე და იმას შეუგზავნიან“, – განაცხადა ბოტკოველმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში