პირველი ქართული შშმ პირთა ორგანიზაცია ჯანმომ სამაგალითო მოდელად აღიარა - ორგანიზაცია „ხელი ხელს“ 

06 ოქტომბერი 2021, 10:45 869 ნახვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ქართული რეალობისთვის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაციაზე მომუშავე ქართული ორგანიზაციის სერვისები სანიმუშო მოდელად შეაფასა. „ხელი ხელს“ - ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია, რომელმაც საქმიანობა 2010 წელს დაიწყო. ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანმოს შეფასებით, ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ ინსტიტუციებში მყოფი შშმ პირების საოჯახო გარემოში გადაყვანით, ასევე სერვისის ჰუმანურობით რევოლუციური გარღვევა მოახდინა. 10 წლიანი არსებობის განმავლობაში, „ხელი ხელს“ ათობით შშმ პირს დაეხმარა, რათა ისინი ჩაკეტილი ინსტიტუციებიდან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ ჯანმო-ს ამ აღიარებით „ხელი ხელს“ გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურ პაკეტში მოხვდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „ხელი ხელს“ დამფუძნებელი მაია შიშნიაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო სამიტზე მიიწვიეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, ქვეყნების პოლიტიკოსები და მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებნი დეტალურად მოისმენენ რა ინოვაციური სერვისებია დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე და რომელი სერვისები შეიძლება განავრცონ თავიანთ ქვეყნებში. მათ შორის იქნება საქართველო, „ხელი ხელს“ ორგანიზაციის პრაქტიკის წარდგენით.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა ჩვენთვის. ორმაგად სასიხარულოა, როცა ჩვენი არსებობის 10 წლის თავზე ამ მასშტაბის ტიტულს ვიღებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. „ხელი ხელს“ მართლაც რევოლუციური სიტყვა იყო ჩვენს ქვეყანაში 10 წლის წინ. როცა შშმ პირების საოჯახო გარემოში გადაყვანას ვიწყებდით, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს შემართებას და სრულიად ახალ მიდგომებს. დღეს, ამ აღიარების მიღებამდე, ნამდვილად ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ ყოველთვის გვჯეროდა, რომ სწორ საქმეს ვაკეთებდით. ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომით შევძელით, რომ წლიდან წლამდე იზრდება  ჩვენი საოჯახო ტიპის სახლების რაოდენობა და სულ უფრო მეტ ადამიანს ვაბრუნებთ საზოგადოებაში. მოვახერხეთ ისიც, რომ შშმ პირთა  დეინსტიტუციონალიზაცია უკვე სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდა, ხოლო ჩვენი სერვისი კი აღიარებული იქნა, როგორც ღირსეული, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურება შშმ პირთათვის“ - აცხადებს მაია შიშნიაშვილი.

ორგანიზაციის „ხელი ხელს“ საქმიანობის შეფასება და სპეციალური ანგარიში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი