მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას რეფორმების გატარებისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით და როცა ალიანსის 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები გასაწევრიანებლად მზად არიან, ისინი ნატო-ს წევრები გახდებიან, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ ნატო-ს წევრებმა და საქართველომ და უკრაინამ და არა რუსეთმა ან სხვამ, უნდა გადაწყვიტონ როდის არიან მზად ალიანსში გაწევრიანებისთვის.
"ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. ასე რომ, მხოლოდ უკრაინის, საქართველოს და ნატო-ს გადასაწყვეტია, არც რუსეთის, არც არავის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას, რეფორმების გატარებისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით და როცა 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები გასაწევრიანებლად მზად არიან, ისინი ნატო-ს წევრები გახდებიან. ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება.
ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები იქნებიან. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. ვიდრე ისინი არ არიან წევრები, მეტად უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში.
იმედი მაქვს, რომ მივალთ ამბიციურ გადაწყვეტილებებამდე მომავალი სამიტისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ცვლის ქვეყნის სუვერენულ უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი გზა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.