უხვი ნალექის შედეგად ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი კვლავ გააქტიურდა. ამ დროისათვის გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელი ქაქუთი და დაგვა, სადაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩახერგა.
ბოლო მონაცემებით, სოფელი კვირიკეში, აჭყვისთავსა და საჩინოში გზები გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ დროისთვის შეზღუდვებია 5-მიმართულებით, ძირითადად შიდა სასოფლო გზებზე. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის 7 ერთეული ტექნიკა.
ქობულეთის მერიის სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე, სულ 169-შეტყობინებაა შესული.
მეწყრის შედეგად დაზარალებული, 15 ოჯახი გადაყვანილია დროებით თავშესაფარში.
დატბორილია ბაგრატიონის და ვერულიძის ქუჩა, სადაც ე.წ "სმეკალოვკის" არხი ადიდდა, დატბორა სახლები და ეზოები.
მუნიციპალიტეტში ენერგო მომარაგების კუთხით პრობლემები არ დაფიქსირებულა.
დილიდან 200-აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, მეწყერმა დააზიანა გაზსადენის მილი.
ამ დროისთვის ციხისძირის და ბუკნარის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ქვა-ღორღმა დააზიანა სასმელი წყლის ნაგებობა, სადაც მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები დაზიანების შესასწავლად არიან გასული.