ქობულეთში, მერიის შენობასთან საოჯახო სასტუმროების მფლობელები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ შეიქმნას ქობულეთის განვითარების მუნიციპალური ფონდი, სადაც დაზარალებულების მდგომარეობას ინდივიდუალურად განიხილავენ და შემდეგ მიიღებენ გადაწვეტილებას.
ამბობენ, რომ პანდემიის გამო ქობულეთში ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. მოსახლეობას არ აქვს ფინანსური რესურსი, სეზონური სესხების დაფარვის, რის გამოც პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა მერიის შენობიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე მსვლელობა გამართეს, ისინი მერობის კანდიდატ ლევან ზოიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე მცირედი სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.
"ვითხოვთ შეხვედრას და აუდიენციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავინაცვლებთ მთვრობის შენობასთან"- განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
მოგვიანებით, საოჯახო სასტუმროების მფლობელები საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ზაალ მიქელაძეს და ქობულეთის მერის მოადგილე დათო ვერულიძეს შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამბობენ, რომ კვლავ მხოლოდ დაპირებები მოისმინეს.
"არანაირი შეთანხმება მიღწეული არაა. უბრალოდ შევხვდით მაჟორიტარ დეპუტატს და შექმნა მუშა ჯგუფი, რომელიც პირდაპირ კონტაქტში იქნება მთავრობასთან. ველოდებით შეხვედრას და იმ შეხვედრის შემდეგ რაც გადაწყდება იმის მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც"- აცხადებს აქციის მონაწილე.
ზაალ მიქელაძის განცხადებით, გუნდი აღნიშნულ თემას განიხილავს და გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ გაახმოვანებს.
"გუნდი ამ თემას უკვე კვირეებია განიხილავს, თუმცა ბოლო ვადას, თუ რა სახის იქნება დახმარება, ამ ეტაპზე ვერ დავაანონსებთ. თუნდაც იმიტომ, რომ წინასაარჩევნო რეჟიმში ვართ და შეიძლება ამ ამბის გაჟღერებამ ოპონენტების მხრიდან გამოიწვიოს აჟიოტაჟი, რომ ეს არის წინასაარჩევნო დაპირება. არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და გადაწყვეტილება იქნება ამის შემდეგ. გადაწყვეტილებაში იქნება ასახული ის კატეგორიები, ვინც რეალურად დაზარალდა პანდემიის გამო.
ჩვენ დაზარალებულების ძალიან დიდი ნაწილის გასახლება შევაჩერეთ...
გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ერთობლივად უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა. აქციებით თემის მოგვარება არ ხდება, თემის მოგვარება ხდება გუნდურად, შეჯერებულად"- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
აქციის მონაწილეებმა 500 ხელმოწერით, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და სახალხო დამცველის სახელზე ოფიციალური წერილიც გაგზავნეს.