საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით კორექტირებები მოსალოდნელია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამატებით სესხს აღარ ავიღებთ - ფინანსთა მინისტრი 

13 სექტემბერი 2021, 15:01 738 ნახვა

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებები მოსალოდნელია. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო კონკრეტულ პროექტებზე დამატებით სესხს აღარ აიღებს. 

''კონკრეტულ პროექტებთან მიმართებით, ასეთ სესხები შესაძლოა აიღოს ქვეყანამ, თუმცა ამ ნაწილშიც განიხილება სხვადასხვა მოდელი. ამ მიმართულებით იქნება გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის სესხის დონე, საგარეო ვალდებულებების დონე, ეკონომიკასთან მიმართებით ჩამოვიდეს იმ ნიშნულამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკას შესაძლებლობას მისცემს მომდევნო პერიოდში განვითარების,“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სესხის აღებაზე უარის თქმის საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა შეცდომა იყო.

„პირველ რიგში, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ იყო და არ არის სწორი. ჩვენ ეს გაცხადებული გვქონდა რამდენიმე თვის წინ, რომ ქვეყნის ვალის დონე ჩვენს ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს და 60%-იანი ნიშნული, რომლსაც მივაღწიეთ 2020 წელს, არ არის ის ნიშნული, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიოს. შესაბამისად, ის, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს, ეს იყო ჩვენი გაცხადებული მიზანი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადადის აღნიშნული საკითხი, ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ ბანერებითა და ტრანსფარანტებით დადიოდა ის ხალხი, ვინც დღეს გვაკრიტიკებს იმაზე, თუ რატომ არ ავიღეთ სესხი.

მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ კონკრეტული სესხის აღების საკითხი და ქვეყნის ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით იქნება ყოველთვის განხილული და ამასთან მიმართებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რომელიც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, ეს არის რეფორმების საკითხი და რეფორმებთან მიმართებით გაცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ ის რეფორმები, რომლებიც არის დაწყებული და რომელიც არის გაცხადებული, გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი,“- განაცხადა მინისტრმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში