სამ საათში ეწურება ვადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმისთვის რომ მიიღოს გადაწყვეტილება სცნობს თუ არა დასაშვებად მზია ამაღლობელის ადვოკატების მიერ შეტანილ სარჩელს. დაკავებული მედია მენეჯერის, გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის “ დამფუძნებლისთვის, პატიმრობის შეფარდების საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ადვოკატების სააპელაციო საჩივარი 15 იანვარს შევიდა. ადვოკატები აცხადებენ რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და ფიქრობენ, რომ თუ სააპელაციო სასამართლო არგუმენტებზე დაყრდნობით იმსჯელებს, აღკვეთის ღონისძიება გირაოს წესით უნდა შეიცვალოს. აქვე გეტყვით რომ 16 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სახალხო დამცველმაც. დოკუმენტში საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების ანალიზის ფონზე, განხილულია, რომ დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა.