ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დააკავეს გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, სადაც დილიდან საერთაშორისო გადაზიდვებზე ნებართვების გაცემის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილების მძღოლები აქციას მართავენ. მათ გადაკეტილი ჰქონდათ ზონის შესასვლელი და მომხმარებელს სერვისის მიღების საშუალებას არ აძლევენ. ისინი დაშლას არ გეგმავდნენ იმის მიუხედავად, რომ ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან დაპირება მიიღეს.
სააგენტომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთთან მოლაპარაკების საფუძველზე დაუტვირთავი ავტომანქანების შესვლაზე ნებართვების გაცემა ორშაბათიდან, ხოლო მესამე ქვეყანაში გადაზიდვებზე 20 სექტემბრიდან დაიწყება.
სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს დაპირების არ სჯერათ, ისინი ნებართვების კონკრეტული რაოდენობის დასახელებას და ადგილზე აჭარის მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.
მათთან იმყოფებოდა დღეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც აჭარის ფინანსთა მინისტრს მოუწოდებს შეხვდეს აქციის მონაწილეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ბათუმი- სარფის დამაკავშირებელ მაგისტრალს გადაკეტავენ.