ქვეშეთი-კობის ახალი, ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1,5 საათში იქნება შესაძლებელი.
„ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად განტვირთავს ამ მონაკვეთს და ჩვენ შეგვეძლება, დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვიდეთ თბილისიდან ყაზბეგში, მას შემდეგ, რაც დასრულდება ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთიც. ეს არის ყველაზე დიდი გვირაბი მთელს ამიერკავკასიაში, 9 კილომეტრია მისი სიგრძე და თავისი პარამეტრებით უნიკალურია მთელს მსოფლიოში. პროექტი ჯდება 1,2 მილიარდი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორ ორგანიზაციებს, აზიის განვითარების ბანკს და მშენებელ კომპანიას, რომელიც ძალიან მაღალი დონის სამუშაოებს ახორციელებს. მადლობა ბატონ ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს. გუდაურის შემოვლითი გზაც აშენდება და გუდაურში ასევე ერთ საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან ჩასვლა. ეს, რა თქმა უნდა, განტვირთავს გუდაურს და აქცევს თანამედროვე ევროპული ტიპის კურორტად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9კმ სიგრძისა და 15მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა.
ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას და მეორე მხრივ, სატრანზიტო მიმოსვლა იქნება მეტად უსაფრთხო, ვინაიდან ამჟამად სატვირთო მანქანები რთული რელიეფის ვიწრო გზებით მოძრაობენ.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.