ბრალი წარუდგინეს მამაკაცს, რომელიც ''ტვ პირველის'' ოპერატორს მანქანით დაეჯახა

09 სექტემბერი 2021, 14:44 1239 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში, ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებული სპეცოპერაციისას, ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავი განზრახ დაეჯახა ოპერატორს. 

''რ.ა. აგრესიულად იყო განწყობილი და უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტების მიმართ სპეცოპერაციის გაშუქებისა და ინფორმაციის გავრცელების გამო, რა დროსაც მათ ძალადობის მუქარით მოსთხოვა, შეეჩერებინათ გადაღება. ვინაიდან ჟურნალისტებმა მათი პროფესიული საქმიანობა გააგრძელეს, რ.ა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ავტომანქანით განზრახ დაეჯახა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ.-ს ფეხის არეში და დაუზიანა ვიდეოკამერის შტატივი, რითაც აიძულა შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება'' - აცხადებენ პროკურატურაში. 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში