საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
უწყების ცნობით, ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები.
''112"-ში მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ შევიდა.
მოქალაქეების ინფორმაციით, მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
''შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს'' - წერია განცხადებაში.