საერთაშორისი გადაზიდვებზე დასაქმებული მძღოლები აქციას მართავენ და ნებართვების გაცემას ითხოვენ

07 სექტემბერი 2021, 13:05 1935 ნახვა

ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საქართველოდან თურქეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებდნენ, თუმცა საჭირო ნებართვების აღების პროცესში პრობლემები ექმნებათ. 

მძღოლების განმარტებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვები დაჩქარებული წესით აიღეს, რის გამოც ზედმეტი თანხა გადაიხადეს. 

''გვაძლევენ ერთჯერად ნებართვებს. ერთხელ გადახვალ დაბრუნდები და ეს პროცედურები ისევ უნდა გაიარო. 22 დღის წინ ყველას გვითხრეს, რომ შეზღუდული რაოდენობით იყო ნებართვა და დაჩქარებული წესით უნდა აგვეღო, რაც ნიშნავს, რომ 70 ლარის ნაცვლად 100 ლარი უნდა გადაიხადო. სამი მანქანისთვის ავიღე ნებართვა. ახლა გვეუბნებიან, რომ დაჩქარებული ნებართვაც აღარაა. თურქეთში თუ არ შეხვედი ვერაფერი შემოგაქვს, ცარიელსაც არ გიშვებენ. ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილი გვგონია'' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

აქციის მონაწილეები რეაგირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ითხოვენ და ამავდროულად, უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათ პროტესტის ნიშნად, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე, გაფორმების ეკონომიკური ზონა რამდენიმე წუთით გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებთან იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, მძღოლებს  ხელოვნურად უქმნიან პრობლემას.

"მათი მოთხოვნა სამართლიანია, ისინი ისედაც ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ამათ სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, ამის სანაცვლოდ კი ხელოვნურად უქმნიან პრობლემას. ნებართვებს, რომელიც  ტვირთის გადასატანად ესაჭიროებათ არ აძლევენ. უკვე მერამდენედ არის აქ აქცია.

ამ ადამიანებს აქვთ საბანკო ვალდებულებები, ჰყავთ ოჯახები, რით ირჩინონ თავი, სახელმწიფო აანაზღაურებს ამ ყველაფერს? ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც ჰპირდება და შემდეგ არ ასრულებს ვალდებულებებს. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. მოვიდა საპატრულო პოლიცია, რა უნდა აქ საპატრულოს, მისი ფუნქცია ამ ხალხთან ურთიერთობაა?!. აქ უნდა მოსულიყო ხელისუფლების წარმომადგენლები"-განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვდა. კახა შაშიკაძემ მძღოლებს უთხრა, რომ ნებართვების გაცემის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი