სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
''სახალხო დამცველმა შეისწავლა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლის სამართლებრივი დევნა ერთ შემთხვევაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მეორე შემთხვევაში კი ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე.
უკვე მივმართე საქართველოს პროკურატურას, რომ ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასევე არის სასულიერო პირი, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.
დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადორბივ მოვლენებამდე ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას, ''თბილისის პრაიდი'' მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე, ისმოდა ჟურნალისტთა მისამართითაც. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა.
სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას'' - განაცხადა სახალხო დამცველმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებული პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, პოლიტიკურ დაინტერესებაზე საუბარი გაუგებარია იმ ფონზე, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში.