ვიმედოვნებთ, ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც კორონავირუსით გარდაცვალების ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს - ლევან რატიანი

03 სექტემბერი 2021, 13:36 1059 ნახვა

ვიმედოვნებთ, ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც კორონავირუსით გარდაცვალების ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ბევრი კრიტიკული პაციენტია, რომელთა უმეტესობა გამოჯანმრთელებული ეწერებიან კლინიკიდან.

„ასე არ არის, რომ რეანიმაციაში მძიმე პაციენტი მოკვდება, ის ვერ გავა რეანიმაციიდან, ეს არის ცრუ ინფორმაცია. არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავს მოსახლეობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი კლინიკა ემსახურება მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ასე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, გვაქვს 5,1 პროცენტი. ამ ლეტალობაში იგულისხმება, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რათა პაციენტი გადაგვერჩინა.

არა მარტო ამ პანდემიის პერიოდში, არამედ წინა პერიოდშიც ვაკეთებდით ყველაფერს, მაგრამ პაციენტები გვეღუპებოდნენ, რადგან დგებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა, რისი მართვაც ექიმებს არ შეგვეძლო. იმის თქმა, რომ „კოვიდ 19“-ით მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან ჩვენს ქვეყანაში, არის მცდარი, რადგან ამის უამრავი მაგალითი გაქვს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც ლეტალობის ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს.

ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია წინა პერიოდში ინფიცირების მაღალ რაოდენობასთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესები ძალიან მალე დასრულდება, ამის საფუძველს გვაძლევს ძალიან ბევრი ფაქტი, ფაქტი იმის, რომ დღეს შემცირდა მკვეთრად ინფიცირებულთა რაოდენობა, იზრდება ვაქცინირებულთა რაოდენობა და მალე დადგენა მომენტი, როცა პოპულაციაში ჩამოყალიბდება იმუნიტეტი და პანდემია დაიწყებს უკან დახევას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატების გამოძახილი.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას ლეტალობის შემცირება ჯერ ვერ მოჰყვება და ამას 2-3 კვირის თავზე უნდა ველოდოთ. მისივე აზრით, ლეტალობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს მსუბუქ და საშუალო პაციენტებში დაავადების პროგრესირება და სანამ პაციენტების მკვეთრი დამძიმება მოხდება, სასურველია მათი კლინიკაში მოთავსება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში