საქართველოს მუსლიმები უაღრესად შეშფოთებული ვართ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების მიერ პარლამენტში გაკეთებული უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო - ამის შესახებ ნათქვამია ”ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის მიერ, დღეს გავრცელებულ განცხადებაში. საუბარია 6 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავდნენ, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩილ მეტრეველის თქმით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო მართლმადიდებელ თემთან ერთად მუსლიმ თემს ჩაგრავს. “რეგიონში არსებული საერთაშორისო კონტექსტის გათვალისიწნებით, ასეთი განცხადება პრაქტიკულად ტერორისტული და რადიკალური ძალების საქართველოში მოწვევაა მუსლიმთა უფლებების დასაცავად, იმ ძალების, რომლებიც ბოლო პერიოდში რეგიონში აქტიურობენ“-განაცხადა მეტრეველმა. ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, სახელმწიფო მოხელის ასეთი არაკორექტული და გაუაზრებელი განცხადება დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და მის მარგინალიზაციას ხელს შეუწყობს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოუხადოს მუსლიმ თემს თავისი ცილისმწამებლური განცხადების გამო.