პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შარლ მიშლის დოკუმენტიდან გასვლის მიუხედავად რეფორმები გაგრძელდება.
სასამართლოში ძირეული რეფორმები განვახორციელეთ, ეს პროცესი გრძელდება და დრო სჭირდება, - „რომი ერთ დღეში არ აშენებულა“ - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
''მთავრობამ სესხი აიღო 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს. ამ 150 მილიონი ევროს სესხიდან ნახევარი ჩამოირიცხა შარშან და მეორე ნახევარი, მაშინ როგორც გადაწყდა, მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც განცხადებებით გამოდიან. ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“. მას შემდეგ მმართველმა პარტიამ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განახორციელა.
სასამართლო რეფორმის ოთხმა ტალღამ რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად სისტემა. გარდა ამისა, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ეს ყველა კვლევით დასტურდება, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგის მქონე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით.
ჩვენ რა თქმა უნდა, რეფორმებს ვაგრძელებთ, სასამართლო რეფორმაც გაგრძელდება. თუ ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომელიც იყო განსაზღვრული, იქ ვადებიც იყო გაწერილი, დაახლოებით 2022 წლის მაისი ეწერა, თუმცა იმის მიუხედავად, ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ვინაიდან მეორე მთავარმა მხარემ ხელი არ მოაწერა, „ნაცმოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი და მათ რომ მოეწერათ, ჩვენ დავრჩებოდით ამ ხელშეკრულებაში, ჩვენ ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმების. ჩვენ ამ რეფორმებს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, რის გამოც მთავრობამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო.
გვაქვს მაღალი ეკონომიკური, ორნიშნა ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებულა უკვე 10-12 წელზე მეტია, მეორე კვარტალში იყო 29-პროცენტია ზრდა, შვიდ თვეში 12%-იანი ზრდა, რამაც საშუალება გააჩინა, რომ ბიუჯეტში დამატებით შემოსავალი გაჩენილიყო. ამის შედეგად მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ ნელ-ნელა დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება“, – განაცხადა პრემიერმა.