დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით 2024 წლის 26 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ძლიერი გამარჯვებით დასრულდება – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა, განაცხადა სიმბოლურია, რომ დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, მათ გვერდით არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი და ისტორიული მისია შეასრულა.
„ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები აქ შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას, მთავრობის მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენი პარტიის თანამებრძოლებს, მოწვეულ სტუმრებს. მსურს განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმოთ თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო და მებრძოლ ადამიანს, ღირსეულ ქართველს, თავდადებულ პატრიოტს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
მოგეხსენებათ, დღეს აქ საპატიო მიზეზით შევიკრიბეთ და ჩემთვის დიდი პატივია, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დღევანდელი ღონისძიება გახსნილად გამოვაცხადო. დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.