საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაღალი ალბათობით ევროკავშირისგან თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება
'' ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს და 75 მილიონი ევროს მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო უბრალოდ გრანტი, რომლის თაობაზეც ალბათ მოგვიანებით ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს კომენტარს. წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც აღმოგვიჩინეს კოვიდპანდემიის მართვის დროს და ზოგადად ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს და აკეთებენ.
ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებისგან. კიდევ ვიმეორებ, მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. მოგეხსენებათ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი ინფორმაციით, 10 პროცენტამდე იქნება ივლისის თვის, რაც ჯამში, თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იქნება 12,2. დამატებით შემოსავლებს გააჩენს ბიუჯეტში. ეს არის ძალიან მარტივი, ზედმეტი სპეკულაციები არ არის საჭირო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.