ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უნდა აღსრულდეს უკვე დაწესებული რეგულაციები, რადგან სხვა შემთხვევაში ახალი შეზღუდვების დაწესებას აზრი არ აქვს.
თამარ გაბუნიას თქმით, კვლავ იმართება სოციალური ღონისძიებები, უწყებაში შედის ინფორმაცია, რომ რესტორნები ილუქება და მოქალაქეები წესებს არღვევენ.
''რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია უნდა აღსრულდეს და ეს არის ჩვენთვის მთავარი. პირბადის გამოყენება ისევ არის სამწუხაროდ 50%, მაშინ როცა აპრილ-მაისში ვიყავით 73%. ეს 23% არის უდიდესი დეფიციტი, რაც პირდაპირ ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. ეს უნდა გამოსწორდეს.
ყოველდღიურად ჩვენ მოგვდის ინფორმაცია აღსრულებასთან დაკავშირებით, რომ რაღაც სოციალური ღონისძიება კვლავაც დაიგეგმა, ვიღაცას ჯარიმა დაეკისრა, სადღაც რესტორანი დალუქეს. მნიშვნელოვანია დაწესებული რეგულაციები აღსრულდეს, დამატებითი შეზღუდვების მენიუც აღარ დარჩა იმხელა, რომ კიდევ რაღაცაზე ვილაპარაკოთ'' - ამბობს მინისტრის მოადგილე.
ჟურნალისტის კითხვაზე, როცა ქვეყანაში დღეში 70 ადამიანი იღუპება, არის თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა? თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორში ივნისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა.
''ამ შემთხვევაში ჯანდაცვის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს იმ რეგულაციებს, რომელიც დაწესებულია. ეს ასევე ნიშნავს განსაკუთრებულ და სრულ მობილიზებას ჰოსპიტალური სექტორის, რაც უკვე ძალაშია. ჯანდაცვის სექტორისთვის საგანგებო მდგომარეობა მთელი ეს პერიოდი, მას შემდეგ რაც ივნისის ბოლოდან ეპიდემიის ესკალაცია დაიწყო.
ზოგადად ფონურად მთავრობამ სხვა სექტორების კიდევ მეტად შესაზღუდად რა მექანიზმი შეიძლება გამოიყენოს? აქაც მთავარი არის ის, რომ რეგულაციები, რომელიც პირდაპირ მიმართულია ინფექციის კონტროლზე აღსრულდეს. ყოველთვის გასათვალისწინებელია ეკონომიკური და სოციალურ აქტივობა და სწორედ ეს ართულებს მართვას'' - განაცხადა გაბუნიამ.