აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება.
უწყების ცნობით, ჩარტერული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ამჯერად ტალინიდან დაემატა. ესტონეთის დედაქალაქიდან პირველ რეისს 150-ზე მეტი ტურისტი ჩამოყვა.
ჩარტერული ფრენები "ტალინი-ბათუმი-ტალინი" კვირაში ერთხელ სექტემბრის ბოლომდე განხორციელდება. ტალინთან ერთად ჩარტერული ფრენები ბათუმში ვილნიუსიდანაც ხორციელდება. ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერები პირველად 2019 წელს დაიწყო.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში, ბათუმში 480 საერთაშორისო ფრენა განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 60-ჯერ, ხოლო 2019 წლის მონაცემთან შედარებით 36.36 %-ითაა გაზრდილი. მგზავრთა ნაკადი გაზრდილია 20.15 % -ით.