კარგი იქნება რომ მომისმინონ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ - ვახტანგ გომელაური ჩანაწერებზე

02 აგვისტო 2021, 15:05 1106 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას არ აქვს შეგრძნება, რომ უსმენენ. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნული განცხადება მედიაში სუს-ის მიერ სავარაუდო მიყურადების დოკუმენტების გავრცელებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრის თქმით, თუ გამოსაძიებელი იქნება, შესაბამისი სტრუქტურები აუცილებლად გამოიძიებენ.

„ჩემი აზრით ამ განცხადებაზე დეტალებში ჩასვლა ჩემი მხრიდან ზედმეტია. კარგი იქნება რომ მომისმინონ, იქ კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ. ალბათ, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელი იქნება. მე არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ“, – განაცხადა გომელაურმა.

მინისტრმა ზოგადად უარყო ფარული მოსმენების შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტის გაკეთება, რომელიც გუშინ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, მასაც შეუძლია.

„შემიძლია გავაკეთო მილიონობით დოკუმენტი და გამოვდო, ეს არ არის ოფიციალური. ამაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას. დეტალებში ჩასვლა, მე ვთვლი, რომ ზედმეტია ჩემი მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ფურცელი წაიკითხა ნიკა გვარამიამ, ეს ოფიციალურია და ნამდვილია თუ არა მე როგორ უნდა დავადასტურო?,“- განაცხადა გომელაურმა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში