სასაზღვრო პუნქტები, ქალაქები და მაგისტრალები გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ''ჭკვიანი კამერით'' - გომელაური 

02 აგვისტო 2021, 14:49 164 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე, როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით.

„საგზაო მოძრაობის ორგანიზების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეგულირების მიზნით, ადმინისტრირებისა და აღსრულების ეფექტიანობის გაზრდისთვის შემუშავდა დამატებით ღონისძიებათა კომპლექსი. საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 5 293 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1 775 არის ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა, ხოლო 3 518 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, დღეის მონაცემებით, ამოქმედებულია 295 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 1 269 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთი. დანაშაულის პრევენციისა და საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში,  ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 300 ვიდეოკამერა (მათ შორის ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა) დამონტაჟდება'' - განაცხადა მინისტრმა. 

მისივე თქმით, სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის ორი ახალი შვეულმფრენის შეძენა.

მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, ასევე მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში.

გომელაურმა ასევე ისაუბრა, რომ 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში