ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ სამეცნიერო საქმიანობას.
„ათი წლის თავზე ხელშეწყობილი იქნება სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც, ტაბუ ვერ იქნება. ეს სიტყვები – წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად ამოიძირკვა კულტურის დარგში. ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი იქნება მაქსიმალურად ხელშეწყობილი. ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაკნინებული. ვგულისხმობ სამეცნიერო საქმიანობას, მეცნიერები და მეცნიერება იქნა დაკნინებული და მათი როლი დამცირებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, 10 წლის თავზე სახელოვნებო განათლება იქნება ფორმალიზებული და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი უნარების განვითარება ხელშეწყობილი.
„სახელოვნებო განათლება არის ჩვენი აქილევსის ქუსლი, რადგან, არ მომერიდება ამ სიტყვის, ტელევიზიებიც აქ ბრძანდებიან, ვისაც ეს უნდა ესმოდეს, 2006 წლის ე.წ. რეფორმამ ბოლომდე დაანგრია სახელოვნებო განათლება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტის კულტურის კომიტეტთან, რომ როგორმე ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორდეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე სახელოვნებო განათლება იქნება ფორმალიზებული და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებეთი უნარების განვითარება იქნება ხელშეწყობილი"- განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრმა ისაუბრა პროფესიული განათლებაზეც და აღნიშნა, რომ ის არის ხელშესაწყობი და სურთ, რომ კულტურის სფეროში 30-მდე გამქრალი პროფესია აღდგეს.