საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში არის 2 მილიონი დოზა ვაქცინა. ''ფაიზერის'' ახალ დოზებს კი ქვეყანა ეტაპობრივად კიდევ მიიღებს.
''რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ნახევარი მილიონი ''ფაიზერის'' ვაქცინა, ეს არის ამერიკის დახმარება. ასევე მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ ჯამში გვაქვს ორი მილიონი დოზა ვაქცინა. როგორც ჩინური ვაქცინები ასევე ფაიზერი.
ამის გარდა მილიონი დოზა ''ფაიზერი'' უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და მოწოდება უკვე დაწყებულია. ჯამში გვექნება 3 მილიონი დოზა ვაქცინა, 2 ადგილზე და ერთ მილიონი ეტაპობრივად შემოვა ერთ თვეში, ყოველ შაბათ-კვირას.
მინდა მოსახლოებას თხოვნით მივმართო და ავუხსნათ ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება? მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აცრის შემდეგ გარდაცვალება არის პრაქტიკულად გამორიცხული. შესაბამისად მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ჩავიტაროთ აცრა და დავიცვათ საკუთარი, ასევე ჩვენი მშობლებისა და შვილების ჯანმრთელობა
ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, ზოგადად, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინების თაობაზე. მინდა ვთხოვო ყველას - ჩვენ დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ფეისბუქის მეშვეობით გავრცელებულ ათას ტყუილს და ჭორ-მართალს'' - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო იმისთვის, რომ ყველ სოფელს ვაქცინა ადგილზე მიეწოდოს.
''ჩემი დავალებით ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემი სურვილია მინდა რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები. მოსახლოებას ადგილზე ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაიტარონ აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.