სავარაუდოდ დღეს, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ განკარგულებას გამოსცემს. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი 20 პარტია ხდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს. კვალიფიციურ სუბიექტთა რიგს 9 ახალი პარტია ემატება, რადგან 11 პარტია კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს ამ დრომდეც ინარჩუნებდა. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა და საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 3% მეტი პროცენტი მიიღო.